თბილისი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც გარე, ისე - შიდა რისკების თვალსაზრისით, - ასე აფასებს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი გიორგი გობრონიძე Front News International-თან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ ვითარებას.
"უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის ყოველი დღე მნიშვნელოვნად აუარესებს რეგიონის ეკონომიკურ გარემოს და აზიანებს რეგიონის ქვეყნების გრძელვადიანი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, აღნიშნული სერიოზული გამოცდაა ქართული დიპლომატიისთვის. იმ პირობებში, როცა მიუხედავად საქართველოსა და მისი მეზობლების ურთიერთობების დადებითი დინამიკისა, ქვეყნებს შორის არსებობს ისტორიული და კულტურული ფაქტორებით განპირობებული უნდობლობის ატმოსფერო, პრაქტიკულად ქართული მხარის ყველა სიტყვა არის მეზობლების მხრიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ შემოწმებული", - აცხადებს ექსპერტი.
მისივე შეფასებით, ის, რაც დღეს ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის თვისებრივად განსხვავებული იმისგან, რასაც ვხედავდით გასული წლების განმავლობაში ან თუნდაც მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში.
"ჩვენ ადრეც არაერთხელ გვინახავს ორი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შორის მომხდარი ცალკეული ინციდენტები, შეტაკებები, შევსწრებივართ ოპერაციებს, მათ შორის საკმაოდ ფართომაშტაბიანსაც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბოლო შემთხვევა მაინც არის გამონაკლისი თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა ისე, რომ სადავო ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი აღმოჩნდა აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების დამიზნების ობიექტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ქვეყანა პრაქტიკულად ომის წინა ზღვარზე იმყოფება და სომხეთმა უკვე გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში და იმავდროულად შეზღუდა წვდომა ელექტრონულ მედიაზე, ინტერნეტზე, უფრო კონკრეტულად კი სოციალურ ქსელებზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოები მართლაც სერიოზულად არიან უკვე ჩართულნი ამ პრობლემაში და პროცესი ცალსახად გაცდა ერთგვარი მორიგი სასაზღვრო შეტაკების განზომილებას. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ მიმდინარე ოპერაცია არის გამორჩეული საკმაოდ ფართო სამხედრო ჩართულობით, მასში პრაქტიკულად მონაწილეობს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე და შეიარაღებული ძალების პრაქტიკულად ყველა სახეობა, რომელიც კი შესაძლებელია მოცემულ გეოგრაფიულ არეალში იქნას გამოყენებული. აღნიშნულ კონფლიქტს საკმაოდ საინტერესო კიბერ შემადგენელიც აქვს, მოგეხსენებათ, რომ სომხურ სამთავრობო საიტებზე განხორციელდა კიბერ შეტევა", - განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, პროცესში ჩართულია ორი დიდი რეგიონული მოთამაშე - რუსეთი და თურქეთი.
"ასევე მნიშვნელოვანია იმის გაააზრებაც, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ იკავებს გარკვეულწილად ერთი შეხედვით პასიურ პოზიციას - მხარეებს მოუწოდებს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, ხოლო თურქეთი მეორე დიდი რეგიონული აქტორი, ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და აცხადებს, რომ სომხეთი წარმოადგენს რეგიონისთვის და რეგიონში მშვიდობისათვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასა და საფრთხეს, მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს. დადგნენ აზერბაიჯანის გვერდით, რათა მან შეძლოს აგრესიის მოგერიება. თავისთავად ცხადია, ის, რაც ხდება დღეს რეგიონში, არავისთვის არ წარმოადგენდა მოულოდნელობას უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აგერ უკვე სამი ათეული წელია, პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ თუ როგორ არის სამშვიდობო პროცესი გაყინული ერთ ადგილას, როგორ არის სამშვიდობო პროცესი სტატიკური და ძალიან რთულია მისი დაძვრა რაღაც ერთი წერტილიდან. აზერბაიჯანლები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ შეიტანონ გარკვეული გარდატეხა ამ პროცესში, ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ. დღითიდღე იზრდება ფუსტრაცია ეგრედწოდებული სამშვიდობო ფორმატებით, რადგანაც იგი არ იძლევა არაფერ ხელშესახებს.
იქ იყო მაგალითად საუბარი იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რეგიონები, რომლებიც დაკავებულია სომხეთის მიერ, გათავისუფლდებოდა და დაუბრუნდებოდა აზერბაიჯანულ იურიდიქციას, რაც არ მომხდარა, იქ იყო საუბარი გარკვეულ თანამშრომლობის ფორმატებზე, რაც ასევე არ განხორციელდა და თავისთავად ცხადია, ასეთი ფუსტრაცია აჩენს საზოგადოებაში დაკვეთას, რომ პრობლემა რაღაცნაირად იქნას გადაჭრილი", - აცხადებს გობრონიძე.
ექსპერტის შეფასებით, მთიანი ყარაბაღი პრაქტიკულად წარმოადგენს როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური პოლიტიკური კლასისთვის, ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას.
"რა თვალსაზრისით: პირველი, რომ ილჰამ ალიევს აქვს სურვილი შევიდეს ისტორიაში, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი, როგორც ადამიანი, ვინც შეკრიბა აზერბაიჯანული მიწები და ამგვარად მისი ლეგიტიმაციის ხარისხი კიდევ უფრო მეტად იქნას გაზრდილი, ხოლო მეორე მხრივ ნებისმიერი დათმობა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით იქნება სასიკვდილო განაჩენი იმ პოლიტიკური ელიტისთვის სომხეთში, რომელიც იმ კონკრეტული მომენტისთვის იქნება ხელისუფლების სადავეებთან, შესაბამისად, ეს არის პროცესი, სადაც მხარეებს პრაქტიკულად არაფერი აქვთ დასაკარგი იმ პატარა მიზეზის გამო, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო და მთიანი ყარაბაღის შექმნილ გეოპოლიტიკურ ხაფანგში გაბმული რეჟიმები ძალიან რთულად ახერხებენ და პრაქტიკულად არ გააჩნიათ რესურსი სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისა. არ გააჩნიათ მაგალითად სოციურ კულტურული რესურსი საამისოდ იმიტომ, რომ კონფლიქტმა პრაქტიკულად მიიღო ყველაზე მახინჯი ფორმა, რაც კი შეიძლებოდა მას მიეღო, რადგან დღეს მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის არა უბრალოდ ტერიტორიული კონფლიქტი, არამედ ეს არის პრაქტიკულად შემადგენელი კომპონენტი როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული ეროვნული პროექტისა და აქედან გამომდინარე, ლამის ეთნო ანტაგონიზმზეა დაფუძნებული.
დღეს როგორც ერთ, ასევე მეორე სახელმწიფოს რაღაც ძირითადი ღირებულებათა სისტემა და იდეოლოგია აქვს და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ კიდევაც მის გამოვლენას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან სომხები და აზერბაიჯანელები, ისინი ვერ რჩებიან სენსიტიურნი აი ამ პროცესის გარშემო. ასევე აღსანიშნავია, რომ სომხებს არ მოსწონთ აზერბაიჯანელები. აზერბაიჯანელებს არ უყვართ სომხები და შესაბამისად ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, სადაც პრაქტიკულად ეთნიკური შუღლი კი აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ ეთნიკური ზიზღი და ანტაგონიზმია გაჩენილი. ეს ეთნიკური ანტაგონიზმი პრაქტიკულად ნულამდე წევს ნდობის აღდგენისთვის გადასადგმელი ნაბიჯების პრაქტიკული იმპლემენტაციის შესაძლებლობას და ეს ეთნიკური ანტაგონიზმი არის მთავარი დამაბრკოლებელი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მხარეები ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ და წავიდნენ თანამშრომლობაზე, რათა იქნას კონფლიქტი მოგვარებული.
მოგეხსენებათ, რომ კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზად სწორედ მოიაზრებენ თანამშრომლობას, თუმცა ამ შემთხვევაში თანამშრომლობისთვის რესურსები არის პრაქტიკულად ამოწურული, შესაბამისად, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ვიღებთ იმას, რომ ყარაბაღის პრობლემა დამოკლეს მახვილივით კიდია სამხრეთ კავკასიის თავზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრებაც, რომ სამხედრო საფრთხის პრაქტიკული რეალიზების ყველა პირობა არსებობს, ყველა პირობა არის იდეალურად წარმოდგენილი. სომხეთიც და აზერბაიჯანიც თუ დააკვირდებით, არიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მილიტარიზებული სახელმწიფოები მსოფლიოში, მათი მილიტარიზაციის ხარისხით ისინი ლამის პირველ ათეულში ხვდებიან, თუ პირველ და მეორე ადგილებზე არა. ასეთი გამალებული მილიტალიზაცია კი თავისმხრივ წარმოშობს და ზრდის სამხედრო კონფლიქტების ალბათობას, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვითვლით ჩვენ სამხედრო საფრთხეებს, რაზე უნდა ვისაუბროთ? როდის არის სამხედრო საფრთხეები შესაძლებელი, მაშინ, როდესაც არსებობს ომის წარმოების ყველა შესაძლებლობა, პლიუს პოლიტიკური ნება. ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანში არსებობს პოლიტიკური ნება, აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის ბოლო პერიოდია დაკავებულნი არიან პრაქტიკულად გამალებული შეიარაღების პოლიტიკით და ნურავის ექნება ილუზია, რომ ეს ასე არ არის და მხოლოდ აზერბაიჯანი ან მხოლოდ სომხეთი ყიდულობს რაღაცას.
ყველაზე საინტერესო კი ის მომენტია, რომ აი, ამ პროცესით საკმაოდ კარგად სარგებლობენ ცალკეული დიდი რეგიონული მოთამაშეები, მაგალითად, რუსეთის ფედერაცია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ცინიკურად ახორციელებს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის გამალებულ შეიარაღებას, ერთი მხრივ "ოდეკაბეს" თანამშომლობის ფარგლებში, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იგი სომხეთს აწვდის იარაღს, რომელიც მას სჭირდება ვთქვათ თავდაცვისთვის, ხოლო იმავდროულად იგი აზერბაიჯანზე ასევე ყიდის ყოველწლიურად საშუალოდ ორი მილიონი მილიარდი დოლარის ღირებულების შეტევით შეიარაღებას. პრაქტიკულად როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესაც აიარაღებს, გასაგებია მისთვის ცალსახად, რომ კავკასიის რეგიონში მოცემული კონფლიქტი იძლევა რუსეთის პოლიტიკური დღის წესრიგის პრაქტიკული დანერგვის ყველაზე კარგ საშუალებას", - აცხადებს ექსპერტი.
გიორგი გობრონიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დარჩეს მაქსიმალურად ნეიტრალური.
"ჩვენ ვერ და არ ავირჩევთ მხარეს, რამდენადაც ნებისმიერი მცირე გადახრაც კი ნეიტრალური კურსიდან, შესაძლოა, გრძელვადიანი ნეგატიური შედეგით დასრულდეს თბილისისთვის. ამას გარდა გასათვალისწინებელია საქართველოში არსებული სომხური და აზერბაიჯანული დიასპორის ფაქტორი. მნიშვნელოვანია არ დაუშვას საქართველომ, რომ აღნიშნული ჯგუფების ნაციონალურმა განწყობებმა და ბუნებრივმა ემოციებმა, რაც გამოიხატება მათი ისტორიული სამშობლოს მიმართ სოლიდარობაში, გადაწონოს ეროვნული ინტერესი", - აცხადებს გიორგი გობრონიძე.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.
ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულების და დაჭრილების შესახებ, რომელთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის.