სოფი ლორენი 86 წლის იუბილეს აღნიშნავს
loader

Breaking news

სოფი ლორენი 86 წლის იუბილეს აღნიშნავს

  • სოფი ლორენი 86 წლის იუბილეს აღნიშნავს

კიევი: მსოფლიო კინოს ცოცხალი ლეგენდა სოფი ლორენი 86 წლის იუბილეს აღნიშნავს.

თეატრის და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელი სოფი ლორენი 1934 წელს რომში დაიბადა. მისი წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო, რომელშიც სოფი ლორენმა დედის მიერ ფარდებისგან შეკერილი კაბით მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა.

1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“, სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად.

Paramount Pictures–სთან კონტრაქტის შემდეგ, ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. ამ დროისთვის მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „სურვილი თელების ქვეშ“ ენტონი პერკინსთან ერთად; „მცურავი სახლი“, რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში „ჰელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში“, სადაც იგი პირველად გამოჩნდა ქერა თმებში (პარიკით).

1960 წელს, ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას წარმატებულ ფილმში „ჩოჩარა“, რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალებზე. ლორენმა განსახიერებული როლისთვის ოსკარის ჯილდო მიიღო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი. ეს იყო აკადემიის პირველი ჯილდო არაინგლისურენოვანი შესრულებისთვის.

1960–იანი წლების განმავლობაში, ლორენი გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში და იგი აგრძელებდა ფილმებში როლების მიღებას ამერიკასა და ევროპაში. 1964 წელს, მან მიაღწია კარიერის ზენიტს, როდესაც მიიღო1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში „რომის იმპერიის დაცემა“

ლორენის ყველაზე ცნობილი ფილმებია ამ პერიოდიდან: „მილიონერი ქალი“ (1960) პიტერ სელერსთან ერთად, „ეს დაიწყო ნეაპოლში“ (1960) კლარკ გეიბლთან ერთად, ვიტორიო დე სიკას ფილმი გუშინ, დღეს, ხვალ (1963) მარჩელო მასტროიანისთან ერთად, პიტერ უსტინოვის „ლედი ლ'“ (1965) პოლ ნიუმენთან ერთად, 1966 წლის კლასიკაში „არაბესკა“ გრეგორი პეკთან ერთად, და ჩარლი ჩაპლინის ფინალურ ფილმში გრაფინია ჰონგ კონგიდან (1967) მარლონ ბრანდოსთან ერთად.

2016 წლის ივნისში სოფი ლორენი იმყოფებოდა საქართველოში და საპატიო სტუმრის სტატუსით ქართველი საოპერო მომღერლის ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის“ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო კონცერტზე ორკესტრს სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი-უმცროსი ხელმძღვანელებოდა.

სოფი ლორენი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე