"გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას"
loader

Breaking news

"გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას"

  • გადავწყვიტე რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას

თბილისი: ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კინოაკადემიის წევრების მიმართ ზაზა ურუშაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც კინოაკადემია ავრცელებს.

"კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას.

არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს.

მინდა, მადლობა გადავუხადო კინოაკადემიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობელი ვარ ჩემი მხარდამჭერების და ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, იმედი გაუცრუოს.

და ბოლოს – ჩემი აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას“, – ნათქვამია ზაზა ურუშაძის მიმართვაში.

ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად გასულ წელს 5 წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე